დავების განხილვის საბჭო - მერიის ავტობუსების ტენდერი
2013-12-17

უფლებადამცველთა გაერთიანება:დემოკრატიის ცენტრი“, „უფლებები და თავისუფლებები - კავშირი“, „განათლების ფონდი“ აგრძელებს მერიის ავტობუსების ტენდერის მონიტორინგს.

დღეს შედგა დავების განხილვის საბჭო, სადაც XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO., LTD-მ გააქარწყლა მერიის მხრიდან დისკვალიფიკაციის საფუძვლად მითითებული 10-ვე პუნქტი.

თბილისის მერიის განცხადებას ავტობუსების ტენდერთან დაკავშირებით კომპანია Xiamen Golden Dragon Bus Co., Ltd ეხმიანება და აცხადებს, რომ „დედაქალაქის მერია ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოზე და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება“.

Xiamen Golden Dragon Bus Co., Ltd–ს წარმომადგენელი ავთანდილ საყვარელიძე მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, „უზრუნველყონ დავის განხილვის საჯაროობა და ობიექტურობა“.

„გაოცებული ვართ თბილისის მერიის თავხედური ქმედებებით, რომლითაც ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოზე და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინათ საკუთარი არაკომპეტენტურობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტექნიკური მოწყობილობების კუთხით, გამოესწორებინათ მათთვის ჩვეული ზედაპირული მიდგომები, „რომ თითქოსდა ყველაფერი იციან“ და საფუძვლიანად შეესწავლათ ევროკომისიის სტანდარტები და დირექტივები, ცდილობენ ჩვენ დაგვდონ ბრალი, რომ თითქოსდა საჩივარი დაუსაბუთებელია. სრული აპსუხისმგებლობით ვაცხადებთ: ჩვენს მიერ მოგებულ ტენდერში შეთავაზებული გვაქვს ავტობუსის მოდელი, რომელიც აღჭურვილია ევროპის პარლამენტის 2007/46/EC შესაბამისობის სერთიფიკატით და ამაში დავების საბჭოც დარწმუნდება. საზოგადოებას გვინდა ავუხსნათ, რომ ევროპარლამენტის დირექტივების მიხედვით, ავტობუსს მხოლოდ შესაბამისობის სერთიფიკატი გააჩნია და არა ხარისხის, ხარისხის სერთიფიკატები გააჩნიათ კვანძებს.  საზოგადოებას გვინდა ასევე, ვამცნოთ, რომ ტენდერში გამარჯვებისთანავე, ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩვენს ქართულ პარტნიორთან, რომლის თანახმადაც ჩვენ ვივალდებულეთ განვახორციელოთ ინვესტიციები საქართველოში, ერთობლივად ავაშენოთ ახალი, ავტობუსების და სხვა საავტომობილო ტრანსპორტის საამწყობო ქარხანა და შესაბამისი სერვის-ცენტრი.

უკვე შედგენილი ბიზნეს გეგმები ითვალისწინებს რომ პირველ ეტაპზე დასაქმდება 500-მდე ადამიანი, რომელიც ორ წელიწადში გაიზრდება 1500-მდე, სამუშაო ადგილების მინიმუმ 5% გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისათვის. აი, სწორედ ამას ებრძვის მერია, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია. შესაბამისად, ჩვენც თხოვნით მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყონ დავის განხილვის საჯაროობა და ობიექტურობა“ – აღნიშნულია განცხადებაში.